2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები.
ევროკავშირის მიერ პოზიტიურად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ განათლების პრიორიტეტად გამოცხადება და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფა. 2022 წლისთვის განათლებაზე დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება.
ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს, როგორც ახალგაზრდებს, ასევე, ზრდასრულებს.
დოკუმენტში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული საქართველო მიღწევები ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, კერძოდ, აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს გაწევრიანდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) და დარეგისტრირდა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR).
ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმატებით აგრძელებს მონაწილეობას უმაღლესი განათლების მიმართულებით Erasmus+-ის პროგრამაში. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა საერთაშორისო მობილობის თვალსაზრისით და 141 მონაწილე ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია, რომ 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ევროპული სკოლის პროექტის ფართომასშტაბიანი განხორციელება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც თავს მოუყრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს და მათ მულტიკულტურულ გარემოზე, ევროპულ ღირებულებებზე, მშვიდობაზე, ტოლერანტობაზე, დაფუძნებულ უნიკალურ კურიკულუმს შესთავაზებს.
მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით საქართველომ დაიწყო „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის (Policy Support Facility, PSF) ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების თანამიმდევრული იმპლემენტაცია. რეკომენდაციები ითვალისწინებს პერსპექტიული კვლევითი სფეროების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრას; მეცნიერებისა და ბიზნესის კავშირების მხარდაჭერას; ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამეცნიერო ინსტიტუციების, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის წახალისებას.
ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, როდესაც 2019 წლის სექტემბერში ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის EURAXESS-ის ქსელს შეუერთდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მიღწევა ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია კულტურის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი კამპანია (საქართველო, ევროპა), რომლის მიზანია საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ჩვენი ქვეყნის “Europalia”-ში მონაწილეობისთვის მზადება.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში რიგით მეოთხე დოკუმენტია ასოცირების შეთანხმების 2016 წელს ძალაში შესვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული ანგარიშის საფუძველზე მოხდება საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განახლება მომდევნო წლებისთვის.
No comments:
Post a Comment